24 თებერვალს, 15:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1921 წლის ოკუპაციიის დროს დაღუპულ უნივერსიტეტელებს გაიხსენებენ.
უნივერსიტეტს სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დროს თბილისთან დაღუპული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მარო მაყაშვილის და, ნუგეშა მაყაშვილიც ესტუმრება. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება. შეხვედრა სიმბოლურად, მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველოში გაიმართება, რომელიც უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში გაიხსნა.
საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ თბილისთან და ბათუმთან გამართულ ბრძოლებში უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. წითელ არმიასთან შეტაკებების დროს მრავალი მათგანი დაიღუპა. 1921 წლის 23 თებერვალს უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტობას ივანე ჯავახიშვილმა სიტყვით მიმართა: "შვილებო, ჩემი მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ".