საიდუმლო ინფორმაციის კლასიფიკაცია ფართოვდება. როგორც ჟურნალისტებს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თათული თოდუამ განუმარტა, "ინფორმაციული უსაფრთხოების" შესახებ კანონპროექტით შემოდის ინფორმაციის ახალი კლასიფიკაცია, რომელმაც მოქლაქებისთვის, შესაძლოა, სახელმწიფო უწყებებში საჯარო ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახადოს.
მისი თქმით, დღეისთვის კონსტიტუციით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ინფორმაციის სამი სახე - პირადი, კომერციული და სახელმწიფო ინფორმაცია ისედაც საიდუმლოა, შესაბამისად, ახალი კლასიფიცირების შემოღება საჭირო არ არის.
"ეს ეხება სახელმწიფო უწყებებს, რაც შეეხება კერძო სექტორს, მათ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადებულება კანონით ისედაც არ აქვთ", - განაცხადა თოდუამ და დასძინა, რომ აღნიშნული ნორმა კანონპროექტიდან უნდა ამოვიდეს.
შეგახსენებთ, რომ "ინფორმაციული უსაფრთხოების" შესახებ კანონპროექტში ასევე ინფორმაციის სახებად განისაზღვრა კონფიდენციალური ინფორმაცია. ესაა საჯარო ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფას, სავარაუდოდ, მოჰყვება მნიშვნელოვანი ზიანი კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის ფუნქციებისთვის; შეზღუდული ინფორმაცია - საჯარო ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფა, სავარაუდოდ, გამოიწვევს კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის მიერ მისი ფუნქციების განხორციელების მნიშვნელოვან შეფერხებას, ან ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესს ან კერძო პირის საქმიან რეპუტაციას.
ასევე, არაკლასიფიცირებული ინფორმაცია - საჯარო ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის თანამშრომლების ან/და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირისათვის, და რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფას შესაძლებელია მოჰყვეს უმნიშვნელო ზიანი ინფრასტრუქტურის სუბიექტის ან/და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს უსაფრთხოების, სახელმწიფო ინტერესებისა ან კერძო სუბიექტის საქმიანი რეპუტაციისთვის; ღია ინფორმაცია - ყველა სხვა საჯარო ინფორმაცია, გარდა კონფიდენციალური, შეზღუდული ან არაკლასიფიცირებული ინფორმაციისა.