ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ასათიანის ქუჩაზე (# 46), იქ, სადაც წლების განმავლობაში საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, მეომარი და საზოგადო მოღვაწე კოტე აფხაზი ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა. დაფის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი დაესწრნენ.
კოტე აფხაზი ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლი (მარშალი) იყო. მან 1917 წელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დააფუძნა, ივანე ჯავახიშვილთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. ასევე ის იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.
კოტე აფხაზი ქაქუცა ჩოლოყაშვილის უახლოესი თანამებრძოლი იყო 1921-1923 წლების რუსულ-ბოლშევიკური ანექსიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. სწორედ მან დაიწყო აჯანყება ხევსურეთში.
ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე 1923 წელს დააპატიმრეს და დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს.