ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლები, კერძოდ შპს "ტელეკომპანია მაესტრო" ეროსი კიწმარიშვილისგან და "რუსთავის მედია მართვის კომპანიისგან" 2 მილიონ დოლარს ითხოვენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შპს "ტელეკომპანია მაესტროს" ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა, აღნიშნულის თაობაზე სარჩელი საქალაქო სასამართლოში სამშაბთს შეიტანენ.
"ჩვენ სასამართლოს მივმართავთ სამშაბათს. ჩვენ ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას "რუსთავის მართვის კომპანიისგან" და ეროსი კიწმარიშვილისგან, რადგან დაზიანდა გადამცემი, სატელიტი და სხვა ბევრი ტექნიკა. თანხა ზუსტად არ არის დადგენილი თუმცა ის დაახლოებით 2 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს", - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომავალ ორშაბათს პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ვრცლად ისაუბრებს თუ რას ითხოვენ დამფუძნებლები და რამდენს შეადგენს ზუსტი თანხა, რომელსაც ისინი ითხოვენ.
"ამავე დროს ჩვენ გვექნება საუბარი სახალხო დამცველის დასკვნაზე, რომელიც არის დადებული და შეფასებები არის გაკეთებული. ასევე ვისაუბრებთ პოლიციის უმოქმედობაზე და იმ სარჩელებზე, რომელიც შს სამინისტროს წინააღმდეგ არის შეტანილი", - აღნიშნა გაბუნიამ.