დღეს, 23 თებერვალს, 12:00 საათზე, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. კოჯორში იუნკერთა მემორიალს ყვავილებით შეამკობენ, ხოლო შემდეგ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მცირე ისტორიული ექსკურსი იუნკერთა გმირობის შესახებ, ასევე ისტორიულ-დოკუმენტური ფილმის "საქართველოს უახლესი ისტორიის შავი ფურცლების" პირველი ნაწილის - "ცუდად მაინც ხომ არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება" - პრეზენტაცია გაიმართება.
ფილმი სამი ნაწილისგან შედგება: 1. საქართველოს ისტორია 1918-1921წწ, 70 წელი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში; 2. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, 1991-1993 წლის სამოქალაქო დაპირისპირება, აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია; 3. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი.
ფილმს "საქართველოს უახლესი ისტორიის შავი ფურცლები" სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა თაობა" ერთობლივად იღებენ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა თაობა".