20 თებერვალს, პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის" ლიდერებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონული და მცხეთის რაიონული ორგანიზაციები დააარსეს. პარტიის დამფუძნებელი კრების მიერ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის კოორდინატორად ზაალ თვალიაშვილი იქნა არჩეული, პროფესიით აგრონომი, რომელიც წლების განმავლობაში მუშობდა „ცეკავშირის" სისტემაში.
მცხეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს ბესიკ მამულაშვილი, ხოლო ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალექსანდრე სოხაშვილი.
პარტიაში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სხვა რაიონული ორგანიზაციების დაკომპლექტებაც დასრულდება.
მცხეთაში სადამფუძნებლო კრებას პარტიის 160 მხარდამჭერი ესწრებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვაჟა ხაჭაპურიძე, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქართულ-ოსური ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში.
ვაჟა ხაჭაპურიძის განცხადებით, იგი ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ქართველებსა და ოსებს შორის სახალხო დიაპლომატიის აღდგენას.
„ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების მოგვარება ვერ შეძლო ვერც გაერომ, ვერს ეუთომ და ვერც ჟენევის მოლაპარაკებებმა. ეს უნდა შევძლოთ ჩვენ", - განაცხადა ღონისძიებაზე ვაჟა ხაჭაპურიძემ.
პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსმა ლაშა გვასალიამ შეხვედრაზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც პარტიის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ჩვენ ქართველებს, ოსებს და აფხაზებს საერთო სასიცოცხლო სივრცეს გვართმევენ, რასაც აუცილებლად ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება. საქართველო ვერ შედგება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე. ჩვენ აფხაზეთის გასაღებს ვეძებთ ჟენევაში, ამერიკაში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გასაღები ჩვენს ძმებთან ურთიერთობების აღდგენაშია. ჩვენმა პარტიამ ეროვნული თანხმობის დარბაზი შექმნა, რადგან ყველაფრის გასაღები არის ეროვნული თანხმობა", - განაცხადა ლაშა გვასალიამ.