გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი ქოქიაშვილი პროკურატურის ორგანოებიდან დაითხოვეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. მათი განცხადებით, ეს ინფორმაცია გურჯაანის მთავარმა პროკურორმა გელა ლაზაშვილმა დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ თვითმხილველების ცნობით, 10 ოქტომბერს, საღამოს, კახეთიდან თბილისში მიმავალი გიორგი ქოქიაშვილი, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საგარეჯოში 50 წლის ქალს დაეჯახა. დაჯახების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი მეორე დღესვე დაკრძალეს, ისე რომ სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოესწრო. ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს.