თოჯინების მუზეუმში 40-იანი წლების თოჯინას რესტავრაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მუზეუმის დირექტორმა ნანა ოქრუაშვილმა განუცხადა.
"მუდმივ მოქმედ დარბაზში რამდენიმე ახალი თოჯინა გვყავს. მათ შორის, ახალი იაპონური თოჯინები, რომელიც იაპონიის ელჩის თანაშემწემ გვაჩუქა. მუეუმს მექანიკური მომღერალი თოჯინა შეემატა, რომელიც 40-იანი წლებშია შექმნილი და მას ახლა გავუკეთეთ რესტავრაცია", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
1937 წელს დაარსებული თოჯინების მუზეუმი დამაარსებლის - თინათინ თუმანიშვილის სახელობისაა. 1990-იან წლებში თოჯინების მუზეუმი გაიძარცვა. დაიკარგა რამდენიმე ძვირფასი ექსპონატი. ამის შემდეგ მუზეუმი 15 წლის განმავლობაში, ფაქტორივად, არ ფუნქციონირებდა. 2008 წელს თბილისის მერიის ინიციატივით რეაბილიტირებული თოჯინების მუზეუმი ისევ გაიხსნა.
"მუზეუმში დამთვალიერებელს შეუძლია, იხილოს უძვირფასესი და უნიკალური თოჯინების კოლექცია - ცეცხლოვანი ფლამენკოს მოცეკვავეები, ამაყი ინდიელი ბელადი და იაპონელი ქალბატონები ატლასის კიმონოებში. ასევე, ლუარსაბი, დარეჯანი და ლამაზისეული. ზოგიერთი თოჯინა ცოტა ხნით "ცოცხლდება" კიდეც. ოთახის ბოლოში პიანისტი ელისო როიალზე მელოდიებს აჟღერებს, მეორე კუთხეში კი პატარა გოგონა საპნის ბუშტებს უშვებს. აქვე დგას XIX საუკუნის უნიკალური ხის ზარდახშა თავისი უჩვეულო ლითონის ფირფიტებით", - განაცხდა მან.