კონფერენცია მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" წარმომადგენლების მონაწილეობით გრძელდება. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბიზნესმენების წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" იუსტიციის სამინიტროდან აცნობეს, საუბრის თემა უწყებებში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები იყო, შეხვედრის ბოლოს მთავრობის წევრებმა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სახლის კონცეფციის შესახებ ისაუბრა და ქართველ ბიზნესმენებს უწყებაში განხორციელებული პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო იმ სერვისებს, რომელიც განსაკუთრებით საინტერსოა საქმიანი წრეებისათვის. იუსტიციის სახლი - ბიზნესლოგიკით აწყობილი სისტემა, ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციის სიმარტივე, დაჩქარებული და ონლაინ სერვისები, ID-ბარათები და მისი შესაძლებლობები, - ეს თემები იყო იუსტიციის სამინისტროს მოხსენების ძირითადი საკითხები.
კონფერენცია ქართველი ბიზნესმენებისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით ბათუმის „შერატონში" 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა გახსნა. სამუშაო შეხვდრის პირველ დღეს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებმა მოხსენებები წარადგინეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საგადასახადო პოლიტიკა, ლიზინგი, დეველოპმენტი, საფინანსო სექტორი, სადაზღვევო და ჰოსპიტალური სექტორი, სოფლის მეურნეობა და მისი საინვესტიციო პოტენციალი და სხვ. გაიმართა დარგობრივი შეხვედრები, დღეს კი კონფერენცია მინისტრების მოხსენებებით დასრულდა.
ბიზნესისა და საქართველოს მთავარობის პირველი მსგავსი შეხვედრა ერთი წლის წინ ბათუმში შედგა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ბიზნესი და მთავრობა ასე ორგანიზებულად მიუსხდნენ საერთო მაგიდას და იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე, განვითარების პერსპექტივებზე და მომავლის გეგმებზე. ბიზნესისა და მთავარობის დიალოგი ბათუმში ტრადიციულად გაიმართება.