26 წლის ნინო მარტოიანის ოჯახის წევრები ექიმის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ. დაღუპულის ახლობლები მომხდარში სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებენ. მშობიარე პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
ექიმების თქმით, ტრაგედიის მიზეზი ძლიერი სისხლდენა გახდა.
პარალელურად, ამ დრომდე რეანიმაციაში მისი ექიმი კლარა მერლინი, რომელიც მშობიარობას იღებდა. ტრაგედიის შემდეგ ის მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა. მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროფესიული რეგულირების სააგენტო უკვე მუშაობს.
"მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ჩემი დავალებით პროფესიული რეგულირების სააგენტოს სპეციალურმა ჯგუფმა გუშინვე დაიწყო მოკვლევა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ყველა დეტალს განვიხილავთ. 2 დღეში ველოდები ანგარიშს ჯგუფისას. ჩვენ დავსვავთ როგორც ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს, ასევე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან კლინიკის მფლობელები. თითოეული იმ კლინიკის მიმართ, სადაც პაციენტის მკურნალობა არის რისკის ქვეშ, თითოეულმა ასეთმა კლინიკამ და მისმა მფლობელებმა უნდა გადახედოს შეიძლება თუ არა ასეთი კლინიკების ფუნქციონირება", - განაცხადა ურუშაძემ.