ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მიმართულების ვიქტორინაში თბილისის 173-ე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.
დღევანდელ ვიქტორინაში თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და გურჯაანის 25 საჯარო და კერძო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 25 გუნდის წევრები გეოგრაფიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
პირველი ადგილის მფლობელი თბილისის 173-ე საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე თბილისის 52-ე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
ვიქტორინის გამარჯვებულები სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დააჯილდოვა.
"მნიშვნელოვანია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით მოსწავლეების დაინტერესება. მსგავს კონკურსებს მომავალშიც გავაგრძელებთ და იმედი მაქვს, მასში კიდევ უფრო მეტი მოზარდი ჩაერთვება. მინდა ყველას მოგილოცოთ წარმატება და გელით ჩვენთან სასწავლებლად", - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
ვიქტორინის მონაწილე მოსწავლეების თქმით, მსგავსი კონკურსები პოპულარიზებას უწევს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. „ეს კონკურსი მომავალი პროფესიის არჩევაში დამეხმარება, ამიტომ, გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თსუ-ში ვაპირებ ჩაბარებას და ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო", - აღნიშნა 173-ე სკოლის გუნდის წევრმა საბა კრავეიშვილმა
ღონისძიების ორგანიზატორები თსუ-ის "საბავშვო უნივერსიტეტი" და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი არიან.