უიტნი ჰიუსტონს დღეს, 18 თებერვალს, ქალაქ ნიუარკში (ნიუ-ჯერსის შტატი) დაკრძალავენ. ვარსკვლავის დაკრძალვა, ოჯახის მოთხოვნით, საჯარო იქნება. ცერემონიის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით მოხდება.
პანაშვიდი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ ბაპტისტურ ეკლესიაში გაიმართება. დაკრძალვის ცერემონიას მსახიობი კევინ კოსტნერი გაუძღვება. მის სიტყვებს ჰიუსტონის ნათლია, არეტა ფრანკლინი და სტივ ვანდერი მუსიკალურად გააფორმებენ. სიტყვით გამოვა მომღერლის ხმის პროდიუსერი კლაივ დევისიც.
მომღერლის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ უიტნის ყოფილ ქმარს, ბობი ბრაუნს, დაკრძალვაზე არ დაუშვებდნენ, რადგან როგორც უიტნის დედა აცხადებს, ბრაუნთან ურთიერთობის დროს მისი შვილი შეურაცხადი იყო, თუმცა ამჯერად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის, შესაძლოა, ყოფილი მეუღლის დაკრძალვაზე მაინც მივიდეს.
მომღერალი 12 თებერვალს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერლის ცხედარი ლოს-ანჯელესში, სასტუმრო Beverly Hilton-ის ნომერში, აბაზანაში იპოვეს. პოპვარსკვლავის სიკვდილის მიზეზებს კალიფორნიის შტატის პოლიცია იძიებს. ჰიუსტონის ნომერში ჩხრეკის დროს ალკოჰოლური სასმელის ბოთლები და ძლიერმოქმედი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
ამერიკელ მომღერალს მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 170 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. იგი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შესულია, როგორც კომერციული თვალსაზრისით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელი ქალი. ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მომღერალია, რომელსაც ბილბორდის ცხელ 100-ეულში ზედიზედ შვიდი ნომერი 1 ჰიტ-სინგლი ჰქონდა. ჰიუსტონი აღიარებული მსახიობი და პროდიუსერიც იყო.