ავღანეთში გაეროს ეგიდით მოქმედი არჩევნების კანონიერად ჩატარების შემსწავლელმა კომისიამ დამოუკიდებელ საარჩევნო კომისიას გადასცა თავისი მოხსენება, რომელშიც საუბარია 20 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისას მასობრივ ფალსიფიკაციაზე და აღნიშნულია, რომ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%+1 ხმის მოგროვება. შესაბამისად, კომისიის მოხსენების მიხედვით არჩევნების პირველ ტურში ავღანეთის პრეზიდენტის არჩევა არ მომხდარა. შესაბამის ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
გაეროს ინფორმაციის მიხედვით, დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული დასკვნის საფუძველზე, უნდა განსაზღვროს, მართლა მიიღო თუ არა პრეზიდენტმა ყარზაიმ 50 პროცენტ ხმებზე მეტი, თუ საჭიროა არჩევნების მეორე ტურის ჩატარება.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის 210 საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს, რადგან მკაფიოდაა დადგენილია დარღვევების ფაქტები.
"დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს მოხსენება და ოპერატიულად გადაწყვიტოს, გამოაცხადოს არჩევნების შედეგები, თუ მიიღოს გადაწყვეტილება მეორე ტურთან დაკავშირებით", - განაცხადა ავღანეთში გაეროს მისიის პრესმდივანმა ალი სადიკმა.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ავღანეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების არაოფიციალური შედეგებით მოქმედმა პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ ამომრჩეველთა 55 პროცენტამდე ხმები მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ექს-საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა აბდულამ _ 28 პროცენტი.