ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნარკოტიკული დანაშაულისთვის ჩამორთმეული უფლებების აღსადგენად მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის ინიციატვით გამოდის. აღნიშნულის შესახებ პარლამენტს საიამ "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება უკვე წარუდგინა.
საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია, პირის პირადი განცხადების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება ჩამორთმეული უფლების აღდგენის ან უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების თაობაზე.
ამასთან, საია კანონიდან მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღებას ითხოვს, რომლის თანახმადაც, უფლებების რეალიზება დაუშვებელია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის გარეშე.
"ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატორების, დეპუტატების კახაბერ ანჯაფარიძისა და კახა კუკავას მიერ წარმოდეგნილი პროექტის თანახმად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო უფლებამოსილია, პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ვადის გასვლამდე აღუდგინოს მას ჩამორთმეული უფლებები ან შეუმციროს პირს უფლებების ჩამორთმევის ვადა.
უფლებების აღდგენა კი შეეხება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელისთვის 3 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების; საექიმო და საადვოკატო საქმიანობების უფლების; ასევე პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობების, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების ჩამორთმევას.