საჯარო უწყებებიდან ელექტრონული ფორმით მიღებულ საჯარო ინფორმაციას იურიდიული ძალა ექნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში". კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს საქმიწარმოების მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებთან დაკავშირებით ახალი მუხლი ემატება.
კანონპროექტით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იქნება საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.
საკანონმდებლო ინიციატივაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლება ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით, ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.
ამასთან, დოკუმენტის ელექტრონული ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც - თავად დოკუმენტს, ხოლო, ადმინისტრაციულ ორგანომ მის მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეიტანოს როგორც მექანიკური, ისე ელექტრონული საშუალებებით.
კანონპროექტის ავტორი მთავრობის კანცელარიაა, ინიციატორი კი მთავრობა.
კანონპროექტს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.