სამოქალაქო საქმეებზე ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ გაწეული სამართალწარმოება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში".
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, კოდექსს ახალი თავი დაემატება, სადაც სამართალწარმოების ხარჯებია გაწერილი.
ცვლილების თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სასამართლოს მიერ გაწეული სამართალწარმოების ხარჯი 50 ლარი იქნება; გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განწილვადების განცხადებაზე - 25 ლარი, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარსი, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მხარემ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მოითხოვა - 50 ლარი, მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე - 50 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი, უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გამოტანილ საჩივარზე - 50 ლარი და სხვ..
აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაწეული სამართალწარმოების ხარჯები იურიდიული პირებისთვის ორმაგი იქნება.
კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაწეული სამართალწარმოების ხარჯებს წინასწარ ის მხარე შეიტანს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.