ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" თავმჯდომარის, დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, კანონის დაზუსტების გარეშე რეგულარულ არმიას შეიძლება ISAF-ის პროგრამაში მონაწილეობა შეეხოს. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
როგორც სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა კახა სუხიშვილმა აღნიშნა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის 15 თვემდე გაზრდის მიზანი ნატოს სტანდარტებთან დაახლოებაა.
ლორთქიფანიძემ მოითხოვა, ეჩვენებინათ კანონში რეგულაცია, რომელიც "ნატოს სტანდარტებით" გაწვრთნილ წვევამდელებს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისგან დაიცავს.
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 12 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ ხელისუფლება საკონტრაქტო სამსახურში მყოფებს შორის ISAF-ს პროგრამაში მონაწილეების მობილიზებას ვეღარ ახერხებს და მათი ჩანაცვლება წვევამდელებით უნდათ", - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
მისი თქმით, კანონში აღნიშნულის შესახებ არანაირი რეგულაცია არ არსებობს და მისი დაზუსტების გარეშე წვევამდელების ISAF-ის პროგრამაში ჩართვის საფრთხე ჩნდება.
საპასუხოდ, სუხიშვილმა განაცხადა, რომ კანონში დამატებითი რეგულაციები არ არის საჭირო, რადგან ISAF-ის პროგრამაში რეგულარული არმიის ჩართვა ისედაც არ არის გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება. კანონის მოქმედი რედაქციით, კი სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადად 12 იყო განსაზღვრული.