ევროკავშირმა "ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის შესახებ" შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შიდა პროცედურა დაასრულა.
"საქპატენტის" ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება 2012 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება და მიზნად ისახავს საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებისთვის დაცვის მინიჭებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. დღეის მდგომარეობით, შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირში დაცული იქნება ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 18 დასახელება: "ხვანჭკარა", "ქინძმარაული", "წინანდალი", "გურჯაანი", "მანავი", "კახეთი", "კარდენახი", "მუკუზანი", "თელიანი", "ატენი", "ნაფარეული", "სვირი", "ტვიში", "ახაშენი", "კოტეხი", "ყვარელი", "ვაზისუბანი", "ტიბაანი".
თავის მხრივ, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის მინიჭების მიზნით წარმოდგენილ იქნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული 3000-ზე მეტი დასახელება. შესაბამისად, 2012 წლის 1-ლი აპრილიდან ქართულ მხარეს ექნება კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი, აღკვეთოს ზემოაღნიშნული დასახელებების არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნებასა და ფალსიფიკაციისგან დაცვას.
შეთანხმება ითვალისწინებს მხარეების მიერ დასაცავად წარდგენილი დასახელებების ჩამონათვალის გაზრდის შესაძლებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო განაგრძობს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციას. საქართველოში ბოლო პერიოდში დარეგისტრირებული დასახელებები, შეთანხმებაში გაწერილი პროცედურის თანახმად, ევროკავშირს უახლოეს თვეებში გადაეცემა.