კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ის ვადები, რომლებიც მომდევნი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის არის დადგენილი, კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ნორმა რომელიც შეიტანეს კონსტიტუციაში და გულისხმობს არჩევნების შემოდგომაზე ჩატარებას, არის ერთჯერადი ნორმა და იმოქმედებს მხოლოდ ამ პარლამენტისთვის და ამ პრეზიდენტისთვის. მისი თქმით, ეს შესაძლებელს გახდის არჩევნების ყოველთვის ფიქსირებულ დროში ჩატარებას.
"იმ ჩანაწერზე, რომელიც არის დღეს გარდამავალ დებულებაში და გულისხმობს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების 2012-ის და 2013-ს შემოდგომაზე ჩატარებას, თქმა იმისა რომ არის არაკონსტიტუციურია არასწორი გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ერთჯერადი ნორმა და იმოქმედებს მხოლოდ ამ პარლამენტისთვის და ამ პრეზიდენტისთვის. შემდგომ უკვე, როდესაც ეს ორი არჩევნები ჩატარდება ეს ნორმა კვდება და მუშაობას იწყებს კონსტიტუციის ტექსტში ჩაწერილი ნორმა. ამჟამად რაც არის გარდამავალ დებულებაში ჩაწერილი არაკონსტიტუციურად არ მიმაჩნია, რადგან ასეთი დებულებები არის სწორედ იმისთვის შექმნილი, რომ იქ ჩაიწეროს ძირითადი ტექსტისგან განსხვავებული ან საგამონაკლისო შემთხვევები, ან ისეთი საკითხები, რომელიც აუცილებელია ძირითად ტექსტში ჩაწერილი ნორმების ამოქმედებისთვის", - განაცხადა ხმალაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
თუმცა, მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივას" მიერ მომზადებული სარჩელი სავსებით შესაძლებელია უკავშირდებოდეს იმას, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა გადმოწიოს საპარლამენტო არჩევნების ვადა.
"ამ ვარაუდს ექსპერტები ხსნიდნენ იმით, რომ ივანიშვილს და მის გარემოს ხელისუფლებას შეუმციროს არჩევნებისთვის სათანადოდ მომზადების შესაძლებლობა. იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო არის ორი ვარიანტი. პირველი ეს არის, რომ პრეზიდენტს უნდა შეექმნა ხელოვნური საფუძველი და დაეთხოვა პარლამენტი. ამის განხორციელება პრეზიდენტს არ გაუჭირდებოდა, რადგან მას პარლამენტში ჰყავს 2/3-იანი უმრავლესობა და მას შეუძლია მიაღებინოს მათ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა. მას თუ უნდა, რომ 26 მაისს ქუთაისში ჰყავდეს ახალი პარლამენტი, მაშინ არჩევნები უნდა ჩატარდეს სადღაც 5 მაისს მაინც. ამაზე გვიან არ უნდა ჩატარდეს რათა მოესწროს შედეგების შეჯამება. 5 მაისს, რომ არჩევნები ჩატარდეს მისი თარიღი უნდა დაინიშნოს არაუგვიანეს 5 მარტისა. რიგგარეშე არჩევნების დასანიშნავად 5 მარტამდე უნდა შექმნილიყო ის პირობები, რომელიც პრეზიდენტს შესაძლებლობას მისცემდა დაეთხოვა პარლამენტი ან ცვლილება შეეტანათ კონსტიტუციის იმ გარდამავალ დებულებაში და ჩაეწერათ, რომ ამ პარლამენტის არჩევნების თარიღი არის არა 2012 წლის ოქტომბერი, არამედ მაისი . ამით პრეზიდენტს ხელი ეხსნებოდა და დანიშნავდა არჩევნებს მაისის რომელიღაც რიცხვში. თუმცა, ამ ორივე გზის გამოყენება გამოიწვევდა ადეკვატურ პოლიტიკურ შეფასებებს, რადგან ხელოვნურად შექმნა პარლამენტის დათხოვნისა თეთრი ძაფით ნაკერი იქნებოდა, ისევე როგორც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა. სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდა ასეთი რამის ინიცირება, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს ამოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოსი. თუ სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს, შემდეგ ხელისუფლება იტყვის, რომ კანონის წინააღმდეგ ვერ წავლენ და არჩევნებს მაისში ჩაატარებენ", - განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" მოამზადა სარჩელი, რომლის მიხედვითაც ისინი საპარლემენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ამჟამად დადგენილი ვადების გაუქმებას მოითხოვენ.