თბილისში გამართული საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრებმა აღნიშნეს, ფორუმისა და გამართული შეხვედრების ფარგლებში, სამივე ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც თავის მხრივ, ინვესტიციების გაზრდის წინაპირობა იქნება.
ბიზნესფორუმის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი თურქეთში ინვესტიციების მოცულობას 7 მლრდ. დოლარამდე გაზრდის, ხოლო დაწყებული პროექტები, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს აკავშირებს კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო პერსპექტიულია.
„სამივე ქვეყანა არის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის. როდესაც ვიმყოფებით ამერიკასა თუ ევროპაში ისინი საუბრობენ ჩვენზე, როგორც მომავლის რეგიონზე, რეგიონზე რომელსაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და რეგიონზე სადაც ინვესტიციები უნდა ჩაიდოს. აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორებია ეს არის ორი ქვეყანა, რომელთაგან უფრო მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს და ეს არის ის ქვეყნები, რომელიც ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პირველ ხუთეულში შედიან. ჩვენ უნდა ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, რომ, ეს არის მომავლის რეგიონი"- განაცხადა ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ ვერა ქობალიამ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის შაჰინ მუსტაფაევის განცხადებით, თბილისში გამართულმა ბიზნესფორუმმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა და აზერბაიჯანმა საქართველოსთან და თურქეთთან თავისი ურთიერთობა კიდევ ერთხელ გაიაზრა და სამომავლო გეგმები დასახა.
შაჰინ მუსტაფაევის განმარტებით, სწორედ ბიზნესფორუმზე გადაწყდა, რომ აზერბაიჯანი თურქეთში ინვესტიციის მოცულობას 7 მლრდ. დოლარამდე გაზრდის, მაშინ როდესაც აზერბაიჯანის მიერ თურქეთში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 2,5 მლრდ. დოლარს შეადგენს.
„ჩვენთვის რეგიონალურ თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრაზე ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ ჩვენი ყოფა და ეკონომიკური ურთიერთობები. 2011 წელს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 36 %-ით გაიზარდა, ხოლო 2010 წელთან შედარებით 90 %-ით. ამ დროისათვის აზერბაიჯანულ მხარეს თურქეთში 2,5 მლრდ. დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინვესტიციების მოცულობა 7 მლრდ. დოლარამდე გავზარდოთ. პროექტის ფარგლებში იზმირში დაგეგმილია ახალი ნავსადგურის მშენებლობა, აშენდება ასევე ახალი საწარმოები, როლო სტამბულში დაგეგმილია რამდენიმე ქსელის შეძენა", - განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა შაჰინ მუსტაფაევმა.
მისივე განცხადებით, აზერბაიჯანული კომპანიების წილი ქართულ ეკონომიკაში იზრდება. მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოში რეგისტრირებულია 272 კომპანია, რომლებმაც საქართველოში 7 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნეს. მინისტრის განმარტებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა საქართველოში 800 მლნ. დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის ზაფერ ჩაღლაიანის განცხადებით, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი პროექტები კიდევ უფრო განვითარდება და ამ სამი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მყარი გახდება. მინისტრის თქმით, ანალოგიური შეხვედრები მაისში ყარსში გაიმართება, ხოლო აგვისტოში აზერბაიჯანში.