კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, დღეს, 16 თებერვალს, 12:00 საათზე, ჩერქეზული კულტურის ცენტრი დაფუძნდება. კულტურის ცენტრს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე გახსნიან.
ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან ცნობილი კავკასიოლოგები, ასევე სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული სტუმრები როგორც კავკასიიდან, ისე საზღვარგარეთ არსებული სხვადასხვა ჩერქეზული დიასპორიდან; კულტურის მოღვაწეები თურქეთიდან, იორდანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ცენტრის უმთავრესი მოვალეობა იქნება ჩერქეზების, ასევე სხვა კავკასიელ ხალხთა ისტორიისა და კულტურის კვლევა-ძიება და პოპულარიზაცია; ადგილობრივ ხალხთა და თვითმყოფად კულტურათაშორის დიალოგის დაწყება; ინტელექტუალური რესურსის ამ მიზნით გააქტიურება, რაშიც ჩართულნი იქნებიან მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები კავკასიის რეგიონებიდან და უცხოეთში არსებული კავკასიოლოგიური ცენტრები.