თბილისელებს ყველაზე მეტად წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისა" და საკონსულტაციო ჯგუფ GCG-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.
კითხვაზე - "ყველაზე მეტად რომელი კომუნალური მომსახურეობით ხართ კმაყოფილნი" - გამოკითხულთა 76%-მა ელექტროენერგიის უწყვეტი მოწოდება დაასახელა. მეორე პოზიციაზე რესპოდენტებმა ბუნებრივი აირის მოწოდება დაასახელეს.
რეიტინგში მესამე ადგილზე დასუფთავების სამსახური აღმოჩნდა. გამოკითხული თბილისელების უმეტესობა აცხადებს, რომ ისინი "კარგა ხანია ვერ გრძნობენ" დასუფთავებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
გამოკითხულებმა ყველაზე პრობლემურ საკითხად წყლის უწყვეტი მიწოდება დაასახელეს. რესპოდენტები განმარტავენ, რომ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები არანაირად არ უკავშირდება ზამთრის სეზონს და ის "ქრონიკულ ხასიათს ატარებს".
გამოკითხვაში, რომელიც 1-6 თებერვალს ჩატარდა, მონაწილეობა 879-მა რესპოდენტმა მიიღო.