თბილისის მერია "ქრისტიან-დემოკრატების" ბრალდებებს პასუხობს. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.
"ზოგადად, თბილისის მერიისთვის აღნიშნული თემატიკა და ინფრასტრუქტრის მოწყობა, აღნიშნული კატეგორიის პირთათვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. მაგალითისთვის მოვიყვანოთ აღმაშნებლის გამზირის რეაბილიტაცია: აბსოლუტურად ყველა გადასასვლელზე მოწყობილია შესაბამისი პანდუსები. შემდგომში, როდესაც დასრულდა აღნიშნული გამზირის რეაბილიტაცია, მოვიწვიეთ ინვალიდთა ლიგა და იყო რეკომენდაციები მათი მხრიდან, რომ გავაუმჯობესოთ აღნიშნული ინფრასტრუქტურა, რომელსაც ვითვალისწინებთ და სამომავლოდ დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას. რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურას, თუ ვისაუბრებთ ტრანსპორტზე, აბსოლუტურად ყველა გზაჯვარედინზე, რომელიც ახლა კეთდება, იქნება მსგავსი ინფრასტრუქტურა მოწყობილი. თუ შევეხებით ავტობუსების თემატიკას, 40 ერთეულ ავტობუსში არის აღნიშნული სისტემა, ეს არის მექანიკური სისტემა. მძღოლს უწევს გადმოსვლა და შემდგომში უკვე ხდება აღნიშნული პირის აყვანა ავტობუსში. თუმცა, ჩვენ სამომავლოდ, ავტომატიზებულ ავტობუსებს შევიძენთ", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრ ზაზა გაბუნიას განცხადებით, უნარშეზღუდულთათვის სოციალური ინფრასტრუქტურა არ არსებობს.
"ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ დაპირებებს იძლევიან, რეალურად კი არაფერი გაკეთებულა. აღმაშენებლის ახლად რეაბილიტირებული გამზირის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ ქვეყნის ხელისუფლება უნარშეზღუდული მოქალაქეების ინტერესებს არ ითვალისწინებს", - განაცხადა გაბუნიამ.