პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა. როგორც ბაქრაძესთან შეხვედრისას მოსახლეობამ აღნიშნა, სასმელი წყალი, რომელიც ქალაქ ზესტაფონის მოსახლეობას არ მიეწოდებოდა, ჩატარებული სამუშაოს შედეგად, დღეს გრაფიკით მიეწოდებათ.
2013 წლისთვის რაიონის მასშტაბით წყლის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება, ასევე, 2013 წლისთვის იგეგმება რაიონის სრული გაზიფიცირებაც.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ადგილობრივმა მოსახლეობამ უმთავრეს პრობლემად უმუშევრობა დაასახელა.
ბაქრაძის განცხადებით, მალე ქუთაისი-ზესტაფონის საგზაო მაგისტრალის მშენებლობა, ხოლო სოფელ საზანოსთან 14-კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაო დაიწყება და ამ პროექტების განხორციელებისას 300-400 ადგილობრივი კადრი დასაქმდება.
ბაქრაძემ ზესტაფონში ახალი საციგურაო მოედნის სამშენებლო სამუშაოც მოინახულა.
"ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება მოსახლეობას. ჩვენ მივდივართ ხალხთან, რათა პირდაპირ მათგან მოვისმინოთ, რა არის ჯერ კიდევ გასაკეთებელი. აქედან გამომდინარე, დღევანდელ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.