ოპოზიცია ამერიკელ სენატორებთან შეხვედრით კმაყოფილია. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა, ამერიკელ სტუმრებთან საუბარი საქართველოს საგარეო და შიდა საფრთხეებს შეეხო.
"ჯონ მაკკეინთან შეხვედრაზე საუბარი იმ საგარეო და შიდა საფრთხეებს შეეხო, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ამასთან, საუბარი იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ამერიკის თანადგომის თანმიმდევრულ პოლიტიკაზე იმისთვის, რომ ზეწოლა და გავლენა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რუსეთის ნაკისრ ვალდებულებებზე გაიზარდოს. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - განაცხადა თარგამაძემ, რომლის განმარტებითაც, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მძიმე სოციალური ფონისა და უმუშევრობის გათვალისწინებით, ამერიკის ფინანსური მხარდაჭერა და ამ დახმარების ეფექტური გამოყენება, რაც მოსახლეობის დასაქმებაში უნდა აისახოს, მნიშვნელოვანია.
"ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით კი, "საფრთხეების კუთხით საქართველოს სერიოზული პრობლემები აქვს".
"ჩვენ ვუთხარით მაკკეინს, რომ დემოკრატიული პროცესების გარეშე საქართველო ვერ გაუმკლავდება იმ საფრთხეებს, რაც არის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. ვუთხარით, რომ ამერიკის დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის", - აღნიშნა მან.
ამერიკელ სენატორთან გამართული შეხვედრის საკითხზე კომენტარი გააკეთა ასევე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემაც და განმარტა, რომ მაკკეინი ერთ-ერთი, იმ იშვიათთაგანი პოლიტიკოსია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უსმენს.
"ჩვენ მაკკეინს ვესაუბრეთ იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რაც ქვეყენაშია შექმნილი... აქ უნდა იყოს მეტი თავისუფლება ყველა მიმართულებით, რომელიც ამ რეჟიმის პირობებში ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.