მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისში არქიტექტურის ძეგლი, თავად ციციშვილების ციხე-დარბაზი ნადგურდება.
მე-17 საუკუნეში აგებული ციხე-დარბაზის კომპლექსიდან ამჟამად მხოლოდ დაზიანებული გალავანი, აბანო, ნაწილობრივ დანგრეული კოშკი და სასახლის ნანგრევებია შემორჩენილია. დანგრეულია სასახლის ეკლესია, აფთიაქი და სასახლე.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, საბჭოთა პერიოდში ციციშვილების სასახლეში ნიჩბისის საჯარო სკოლა ყოფილა განთავსებული.
„პოეტ ნაზი კილასონიას შვილი, ოთარ მაისურაძე ნიჩბისის სკოლაში ისტორიას ასწავლიდა. მისი ძალებით ციხე-დარბაზის გალავანს ნაწილობრივი რესტავრაცია ჩაუტარდა. სასახლის რესტავრაციისთვის თანხა არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუყვია. არადა, ზაფხულობით ნიჩბისში დამთვალიერებლები მოდიან, ციხე-დარბაზი კი ინგრევა,"- განაცხადა ნიჩბისის მკვიდრმა გია მერაბაშვილმა.
ციხე-დარბაზის გარე კედელზე დღემდე შემორჩენილია აბრა - „ძეგლი დაცულია სახელმწიფოს მიერ, დამზიანებელი ისჯება კანონით". თუმცა, ციხე-დარბაზს ამჟამად არავინ იცავს.
„სასახლის ეზო საქონლის საძოვრადაა ქცეული, ეზო მოუვლელია. აბანო, რომელიც მტერთა შემოსევის დროს საიდუმლო გვირაბის ფუნქციასაც ასრულებდა, ახლა ბოსელადაა გადაქცეული,"- ამბობს მერაბაშვილი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ თავად ციციშვილების ციხე-დარბაზის რესტავრაცია 2012 წელს დაგეგმილი არ არის.
„ციხე-დარბაზის მდგომარეობის შესახებ სააგენტოსთვის ცნობილია. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ციხე-დარბაზს რესტავრაცია ჩაუტარდება,"- განაცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგისა და ატრიბუციის სამსახურის უფროსმა გიორგი გაგოშიძემ.