სამედიცინო სფეროში შეტანილი წვლილისთვის მიხეილ სააკაშვილმა გულიკო ჩაფიძეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა. დაჯილდოების ცერემონია დმანისის ახლად გახსნილ საავადმყოფოში გაიმართა.
სააკაშვილმა გულიკო ჩაფიძეს მადლობა გადაუხადა სამედიცინო სფეროში ხანგრძლივი ღვაწლისთვის.
ჩაფიძე ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს, სახელმწიფო პრემიის, ღირსების ორდენისა და კიდევ ათობით ჯილდოს მფლობელია. შეყვანილია კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიოგრაფიულ ლექსიკონში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მან მოღვაწეობა 1955 წლიდან დაიწყო.
"გულიკო ჩაფიძე არის ყველაზე მეტად ასოცირებული იმედთან. იმედთან იმის გამო, რომ დაკავშირებულია სიკეთესთან, სიკეთე იმის გამო, რომ დღეს უამრავი ადამიანი დგას ფეხზე, უამრავ ადამიანს გაუხანგრძლივა სიცოცხლე. პროფესორმა ჩაფიძემ შექმნა სკოლა, რომლის წარმომადგენლებიც მკურნალობენ დღეს ქართულ საზოგადოებას. მინდა ქართული სახელმწიფოს სახელით, მისი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად გადავცე მას ბრწყინვალების ორდენი", _ განაცხადა სააკაშვილმა.