საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხის რაიონში არაგოვას სამთო-სათხილამურო სკოლა გახსნა. მიხეილ სააკაშვილი მოთხილამურეებს შეხვდა და საჩუქრები გადასცა. სპორტული სკოლის მოსწავლეებმა ქვეყნის პირველი პირისგან სათხილამურო აღჭურვილობის რამდენიმე ათეული სრული კომპლექტი მიიღეს.
არაგოვას სამთო-სათხილამურო სკოლის მშენებლობა პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და უმოკლეს ვადაში დასრულდა. უკვე 160 ბავშვმა გამოთქვა სწავლისა და ვარჯიშის სურვილი. ახალციხისა და ნინოწმინდის რაიონული ცენტრების გარდა, სკოლა გარშემო მდებარე ათამდე სოფელს მოემსახურება.
250-მეტრიანი კეთილმოწყობილი სასწავლო ტრასა, საჩოჩიალო საბაგირო გზით, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც სპორტსმენებს ნებისმიერი საერთაშორისო დონის შეჯიბრისთვის მომზადების საშუალებას მისცემს. ადგილზე მოწყობილია შალეს ტიპის ბაზა, რომელშიც მოთხილამურეებს სპორტული შეკრებების დროს ღამის გათენება შეეძლებათ.
სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ იმ გეგმების შესახებ ესაუბრა, რომელთა განხორციელებას ხელისუფლება ახალციხის რაიონში აპირებს.