გურჯაანის რაიონის სოფლებში ჭანდარსა და ველისციხეში თოვლის გამო საცხოვრებელი სახლების სახურავები ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სოფელ ველისციხეში ამიროშვილების საცხოვრებელი სახლის მეორე სართული საცხოვრებლად აღარ გამოდგება. სოფელ ჭანდარში კი კახაბერების სახლის წინა ნაწილი ჩამოინგრა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოგა პეტრუზაშვილმა განუცხადა, სპეციალური კომისია ორივე სახლს შეამოწმებს და ზარალს დაითვლის.
„შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც სახლებს დაათვალიერებს და შესაბამის დასკვნებს დადებს. შემდეგ ეს ყველაფერი მოხსენდება მთავრობას და ალბათ გამოიყოფა თანხა ამ ოჯახების დასახმარებლად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქმე ეხება საცხოვრებელ ფართს," - განაცხადა გოგა პეტრუზაშვილმა.