ხვალ, 14 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება. როგორც დღეს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, სესიაზე ფრაქციებში მომხდარი გადანაცვლებების შესახებ განცხადებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი გააკეთებს.
მისივე თქმით, აღნიშნულ გადანაცვლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებიც შესაბამისად ხვალიდან შევა ძალაში.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჯან ხურციძე გარიცხეს, ასევე მმართველი ძალა დატოვა კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კურდღელაშვილმა, რომელიც უმცირესობაში გადავიდა.
გარდა ამისა, ფრაქცია "ძლიერი საქართველოდან" რომან მარსაგიშვილი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობას" შეუერთდა, ხოლო თორთლაძის ფრაქციის დანაკლისი "ქრისტიან-დემოკრატების" საპარლამენტო ფრაქციიდან რატი მაისურაძით შეივსო.