მინდია გულუა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე ორიენტირებული საკოორდინაციო საბჭოს ბრიუსელში შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც გულუას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იგი მზად არის, ევროპის ცენტრში, ბრიუსელში ორგანიზება გაუწიოს ყველა დაინტერესებული ძალის შეხვედრას როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე არასამათავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებიც შექმნიან საორგანიზაციო ჯგუფს და გააგრძელებენ მუშაობას დასახული მიმართულებით.
"სრულად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ სწორედ სამართლიან, ღია და დემოკრატიულ არჩევნებს უკავშირდება, როგორც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება, ისე საქართველოს გადარჩენის პერსპექტივა ყველა სასიცოცხლო ასპექტში. სხვადასხვა პოლუსებზე ორიენტირებული ქართული პოლიტიკური სუბიექტები ჯერ კიდევ გართულნი არიან
"პოლიტიკური ცენტრებისა" და პოლიტიკურ ძალთა გაერთიანებების ჩამოყალიბების იდეით და მთავარ საკითხზე ორიენტაცია პერსპექტივაშიც კი არ ჩანს - როგორ მოვახერხოთ ყველამ ერთად ჩვენი საერთო პოლიტიკური გარემოს დალაგება, მოწესრიგება და საზოგადო პრობლემასთან ბრძოლა, რასაც ამ რეჟიმის შეცვლა წამოადგენს", - აცხადებს გულუა.
მისივე თქმით, საქართველოში შემოსვლა "ქვეყნისთვის კონსტიტუციური საფრთხის" შექმნის მოტივით აკრძალული აქვს და ამიტომ, თავს მოვალედ თვლის, დისტანციიდან რამდენიმე მინიშნება გააკეთოს საქართველოში უკვე დაწყებულ წინასაარჩევნო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.
"პოლიტიკური პროცესი დესტრუქციული მუხტით არის გაჯერებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, მხოლოდ ვიწრო სუბიექტური და მერკანტილური ინტერესებით არიან დაკავებულნი და არ ახდენენ მათ ურთიერთმიმართებას საერთო პრობლემასთან კოორდინაციის გზით. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის უკანასკნელი ოცწლიანი გამოცდილება კი გვარწმუნებს, რომ სწორედ დაქსაქსულობამ, დესტრუქციამ, ცუდმა კომუნიკაციამ და სუსტმა მმართველობამ მიგვიყვანა იმ პრობლემებამდე, რასაც დღეს ვებრძვით. სხვადასხვა პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბების პროცესი შესაძლოა კანონზომიერიც იყოს დარღვეული პოლიტიკური ბალანსისა და მისი დაკარგვის პირობებში, მაგრამ ბალანსის აღდგენა ისევ საერთო ეროვნული თანხმობით, ურთიერთგაგებითა და კორდინაციით უნდა დავიწყოთ", - აცხადებს გულუა.
მისივე განმარტებით, ქართული მედიასაშუალებებით მოქმედ პოლიტიკურ სუბიექტებს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, რომ შეექმნათ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე ორიენტირებული საკოორდინაციო საბჭო, რომელიც იმუშავებს ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში არსებული დესტრუქციული და აგრესიული მუხტის გასანეიტრალებლად და შეძლებს ჩამოაყალიბოს ეფექტური მექანიზმი, ნორმალური არჩევნების ჩატარებისა და ხმების დასაცავად.
"ამ მიზნით კიდევ ერთხელ გამოვდივარ ინიციატივით, ევროპის ცენტრში, ბრიუსელში ორგანიზება გავუწიო ყველა დაინტერესებული ძალის შეხვედრას, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე არასამათავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებიც შექმნიან საორგანიზაციო ჯგუფს და გააგრძელებენ მუშაობას დასახული მიმართულებით. ვფიქრობ, კონსტრუქციულ და პოზიტიურ ქმედებებზე ორიენტირებული ძალთა ერთობა შეძლებს იმ გამოწვევების დაძლევას, რამაც წლების განმავლობაში გათიშა და ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დააყენა ჩვენი ქვეყანა", - აღნიშნავს გულუა.