საქართველოსა და ავღანეთის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი გრიგოლ ვაშაძემ და მისმა ავღანელმა კოლეგამ, ზაალმაი რასულმა. ასევე, გადაწყდა, რომ დაიწყება მუშაობა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნის საკითხებზე.
"ავღანელმა კოლეგებმა კონკრეტულად გვთხოვეს დახმარება რამდენიმე სფეროში, როდესაც ჩვენ დავიწყეთ დეტალების განხილვა მივედით იმ დასკვნამდე, რომ მოვიდა დრო სამთავრობო შორისო კომისიის შექმნისა. ავღანეთს ჭირდება ინფრასტრუქტურა, სამშენებლო კომპანიები, საქართველოს გამოცდილება ანტიკორუფციულ საკანომდებლო აქტებთან დაკავშირებით და ჩვენი გამოცდილება ეფექტური სამართალდამცავების სტრუქტურების შექმნასთან", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე ავღანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების აისაფის მთავარსარდალს ჯონ ალას. მათ აისაფის ოპერაციის მიმდინარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გენერალ ალამა მადლიერება გამოხატა ქართველ მშვიდობისმყოფელთა მიმართ ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საკითხში შეტანილი წვლილისთვის.