"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარე, გიორგი თარგამაძე და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი მზად არიან პარლამენტის ყოფილ წევრს ვალერი გელბახიანს თავდებში ჩაუდგნენ.
ამის შესახებ ხატიაშვილმა და თარგამაძემ დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
თარგამაძის თქმით, გელბახიანი ოთხ წელზე მეტია, რაც ემიგრაციაში იმყოფება და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილი ჯერ კიდევ არ არის, გამოძიება ერთ ადგილზეა გაყინული.
"აღსანიშნავია, რომ ვალერი გელბახიანს საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება ერთად ერთი მიზეზის - საგამოძიებო ორგანოში გამოუცხადებლობის გამო გამოუტანეს", - აღნიშნა უმცირესობის ლიდერმა და მზადყოფნა გამოთქვა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილთან ერთად ვალერი გელბახიანისთვის პირად თავდებობაში ჩადგომაზე.
მათი თქმით, მზად არიან საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა გელბახიანის გამოცხადებასთან დაკავშირებით როგორც საგამოძიებო, ასევე სასამართლო ორგანოებში.
ამასთან, თავის მხრივ ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ გელბახიანი ვერც მტკიცებულებას გაანადგურებს და ვერც მოწმეებს დააშინებს, ამიტომ სამართლებრივად მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველიც აღარ არსებობს.
"ევროპის სასამართლო პირდაპირ მიუთითებს ხელისუფლებას, რომ როცა პირი პოლიტიკური ფიგურა და პარლამენტის ყოფილი წევრია, მის მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული საპატიმრო აღკვეთი ღონისძიება", - აცხადებს ხატიაშვილი.
გარდა ამისა, თარგამაძის თქმით, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ყველა წევრი და ზაზა ხატიაშვილი დღესვე მოაწერენ ხელს სასამართლოსადმი შუამდგომლობას, რომ ვალერი გელბახიანს, რომელსაც ისინი პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლად მიიჩნევენ, აღმკვეთი ღონისიძიება პირადი თავდებობით შეეცვალოს.