საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ნს" ვიცე-სპიკერის პრეს სამსახურიდან აცნობეს, გიგი წერეთელმა ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ევროპის საპარლამენტო ფორუმის (EPF) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში, რომელსაც ესწრებოდნენ აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, პარლამენტარები საფრანგეთიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან.
შეხვედრაზე ძირითად განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა სამომავლო ევროპული პოლიტიკა გლობალური ჯანდაცვისა და მოსახლეობის განვითარების კუთხით, ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებული თემები, ასევე საორგანიზაციო საკითხები მაისში სტამბულში დაგეგმილ საპარლამენტო კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელსაც 500-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.
ამასთან, წერეთელმა კოლეგებს საქართველოში მიმდინარე რეფორმების და არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ EPF-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა გიგი წერეთელი, რომელიც 2010 წლიდან ორგანიზაციის პრეზიდენტია.