"დემოკრატიული მოძრაობა" ხელისუფლებას facebook-ის გვერდზე ონლაინ კონფერენციის დროს ტექნიკური პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს.
"დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, 10 თებერვალს, ნინო ბურჯანაძის facebook -ის Like გვერდზე "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის, ონლაინ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას 7 ოპერატორი ემსახურებოდა და როგორც დაანონსებული იყო 22:00 საათზე დაიწყო და ერთი საათის მანძილზე გაგრძელდა.
"ხელისუფლებამ ჩვეულ მეთოდს მიმართა და კონფერენციის დაწყებისთანავე ჩვენთვის ტექნიკური პრობლემების შექმნა დაიწყო. კერძოდ, ჩაიკეტა ნინო ბურჯანაძის Like გვერდის კედელი და რესპოდენტები ვერ ახერხებდნენ საკუთარი შეკითხვების დადებას კედელზე ახალ პოსტად. ამან შექმნა გარკვეული უხერხულობა დასმული შეკითხვების მოძებნის და ოპერატიულად პასუხის გამოქვეყნების თვალსაზრისით, მაგრამ მაინც მოხერხდა შეკითხვების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ამომწურავი პასუხის გაცემა", - აღნიშნულია განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახური აცხადებს, რომ გუშინდელი ონლაინ კონფერენცია იყო კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ებრძვის სააკაშვილის ხელისუფლება ქვეყანაში სიმართლეს, სიტყვის თავისუფლებას და როგორ გამალებული ცდილობს აცხოვროს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იმ ილუზორულ სამყაროში, რომელსაც კონტროლირებადი მედიასაშუალებების მეშვეობით ქმნის.