დიდთოვლობის დროს ჩვენი სოციალურად დაუცველი დევნილები განსაკუთრებულ ხელშეწყობას საჭიროებენ, - განაცხადა პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ნანა გულუამ. მისი თქმით, ხელისუფელების კეთილი ნების პირობებში სავსებით შესაძლებელია საზოგადოების სარგებელზე გათვლილი თუნდაც მოკლევადიანი დასაქმების პროგრამების ამუშავება.
"რა უშლის ხელს ხელისუფლებას და თბილისის მერიას, რომ ამ დიდთოვლობის დროს დაასაქმოს ადამიანები, რომლებიც დღიური ანაზღაურების პირობებში ყინულადქცეული თოვლის გროვებისაგან გაათავისუფლებენ ქუჩებსა და კორპუსების მიმდებარე ტერიტორიებს. ამ ტიპის სამუშაოს შესრულება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ბევრ ქვეყანაში სააათში 10-14 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრება. იქ კანონი მაცხოვრებლების მიმართ საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს თუ დროულად არ იქნება მოწესრიგებული და გაწმენდილი მოქალაქეთა გადაადგილების ტერიტორია. ამიტომ ადამიaნებს იქ შრომის მოტივაცია გააჩნიათ, რადგან საზოგადოებრივად სასარგებლო საქმესთან ერთად მატერიალურ ანაზღაურებასაც იღებენ. საერთოდ გაუგებარია რა გეგმითა და სტრატეგიით მუშაობს მერია, სად მიდის და რაში იხარჯება მისი ნახევარმილიარდიანი ბიუჯეტი, რატომ უნდა ხვდებოდნენ ჩვენი მოქალაქეები მძიმე ტრავმებით საავადმყოფოებში დიდთოვლობის დროს, რატომ უნდა იყოს სახიფათო ბავშვების გაშვება ეზოში, სადაც სადარბაზოების შესავლელები ყინულის გროვებად არის ქცეული.
განათლების სამინისტრომ დიდთოვლობიდან მხოლოდ რამდენიმე დღის დაგვიანებით შეწყვიტა სწავლა სკოლებში, უკვე მას შემდეგ რაც ბავშვებს, მშობლებსა და პედაგოგებს შეექმნათ ტრავმებისა და მოტეხილობების საშიშროება ყინულისაგან გაუწმენდავი ქუჩების გამო. დიმიტრი შაშკინის უწყება მომზადებული უნდა შეხვედროდა საგანგებო მდგომარეობას და დროულად გაეფრთხილებინა სკოლების ადმინისტრაცია.
ხელისუფლებას საცხოვრებელი კორპუსების კოორდინატორთა დარაზმვა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება ამომჩევლთა ხმების მობილიზებისათვის. სად არიან ახლა ეს კოორდინატორები? დარაზმონ ადამიანები, გადაუხადონ ფული და გაწმინდონ ქუჩები ყინულისა და ნაგვისაგან. ჩვენი იდეები მაინც გამოიყენონ თუ თავისი არ გააჩნიათ.
ხელისუფლება არც ჩვენ გვაძლევს ამის საშუალებას და არც თვითონ აკეთებს, რადგან კანონით „პოლიტიკური პარტიების შესახებ" საერთოდ აკრძალული გვაქვს სიკეთის კეთება და ჩვენი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, რომლებიც ამ დიდთოვლობის დროს განსაკუთრებულ ზრუნვასა და ხელშეწყობას საჭიროებენ, ხელისუფლებისაგან კი სრულიად უყურადღებოდ არიან მიტოვებულნი", - აცხადებს ნანა გულუა.