"დემოკრატიული მოძრაობა" ხელისუფლებისაგან ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართულ კონტინგენთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის განსაჯაროებას მოითხოვს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, "დემოკრატიული მოძრაობა" ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების ინფორმაციის დამალვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
" "დემოკრატიული მოძრაობა" შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ისევე როგორც საბჭოთა ხელისუფლება 80-იან წლებში, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლებაც, ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველი ჯარიკაცების მდგომარეობის შეახებ ინფორმაციას, განსაკუთრებით მალავს. ამის დასადასტურებლად ის ფაქტიც კმარა, რომ ვიცე-პოლკოვნიკ ტუღუშის დაჭრის ამბავი, რასაც თავდაცვის სამინისტრო უარყოფდა, მხოლოდ სააკაშვილის მიერ მისი ჰოსპიტალში მისი დაჯილდოების შემდგომ გახდა ცნობილი. მიგვაჩნია, რომ ხალხს აქვს უფლება იცოდეს სიმართლე, სახელმწიფო კი ვალდებულია მისცეს საკუთარ მოქალაქეებს საშუალება თითოეულ დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს ღირსეული პატივი მიაგოს", - აღნიშნულია "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საქართველო ყოველთვის უნდა მონაწილეობდეს ტერორიზმისა და სხვა გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად.
"თუმც ყველა ნაბიჯი გადადგმული უნდა იყოს საერთო საქმის სასარგებლოდ და არ უნდა ხდებოდეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლით და ჯანმრთელობით სპეკულირება ხელისუფლების უმაღლესი პირის სავარძლის გამყარებისა და მისი რეჟიმის გაპიარების მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.