კანონი უნდა შეიცვალოს წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ფარსი და დროის ფუჭი ფლანგვა იქნება, - განაცხადა პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ნანა გულუამ. მისი თქმით, სრულიად დაუშვებელია, რომ სააკაშვილის პოლიციური სახელმწიფოს პირობებში, ქართველი ბიჭები, ჩვენი გენოფონდი მხოლოდდამხოლოდ ორ პროფესიაზე იყვნენ ორიენტირებულნი, ან გახდნენ პოლიციელები, ან იმსახურონ საერთაშორისო კოალიციურ არმიაში.
"პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობის სტრატეგიითა და დოქტრინით ხდება ქართული ცნობიერების, ქართული ეთნოფსიქიკის გადაგვარება, რადგან ქართველი კაცი დღეს აღარ შრომობს, არამედ გაუგებარი რეჟიმის პირობებში მხოლოდ იარაღი უჭირავს ხელში და გარედან თავსმოხვეულ სხვათა მიზნებსა და ინტერესებს ემსახურება. სოფლის მეურნეობა, მიწასთან კონტაქტი და შრომა, ჩვენი გენეტიკური მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. ქართველი კაცი იარაღის ნაცვლად დღეს მიწას უნდა მიუბრუნდეს, სოფლის მეურნეობა და მეწარმეობა უნდა განავითაროს. ამას მოგვიწოდებს ჩვენი უწმინდესი და ჩვენი შინაგანი ხმაც, რომელსაც იძულებით შექმნილი მდგომარეობის გამო ხშირად ვეღარც ვეწინააღმდეგებით. პოლიციური სახელმწიფოს დოქტრინით ირღვევა ოჯახები, აღარ იქმნება ქვეყნის დოვლათი და მატერიალური კეთილდღობა, დედები და მეუღლეები შიშით ელიან მათ შვილებსა და ქმრების შინ დაბრუნებას მუდმივი საფრთხეების გამო. ჩვენი ბიჭები პოლიციაში და კოალიციურ ჯარებში სამსახურისთვის საკუთარ სიცოცხლეს ჩალის ფასად ჰყიდიან (ჩვენი ჯარისკაცი ხელფასი კოალიციურ ჯარში 800-1500 USD-ია, ხოლო ამერიკელის 9 000 - 15 000 USD) და დაკაბალებულნი არიან ბანკებისა და განვადებული სესხების პროცენტებით. მდგომარეობა საგანგაშოა. აი ასეთი „გამჭვირვალე" და მყიფეა ის შექმნილი რეალობა, რაც ხელისუფლებამ მოგვიტანა. გაურკვეველია მომავალიც. პოლიცია დღეს საკუთარ ხალხს ებრძვის, ხოლო ჩვენი ჯარისკაცები სხვის ომში მონაწილეობენ. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. დღეს საქართველოს ომი და იარაღი არ სჭირდება, დღეს ის შრომით უნდა გადარჩეს, რისი პერსპექტივაც უღიმღამოდ კიაფობს მხოლოდ. დღეს იარაღი სწავლამ, მეწარმეობამ და მიწამ უნდა შეცვალოს, სხვა შემთხვევაში გადაგვარება გველის. ხელისუფლება მიზანმიმართულად უშლის ხელს დასაქმების პროგრამების განხორციელებას. მან კანონიც კი მიიღო, სადაც ყველა მის პოლიტიკურ კონკურენტს, პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას კანონით აეკრძალა ქვეყანაში შრომისა და დასაქმების პროექტებზე მუშაობა. კანონი უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არჩევნები იქნება ფარსი და დროის ფუჭი კარგვა, რის გამოუსწორებელ შედეგებსაც აღარ გვაპატიებს მომავალი თაობა", - განაცხადა გულუამ.