დღეს, 13.00 საათზე თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა წევრმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც დიდთოვლობის გამო დაშავებულთა მკურნალობის საკითხზე მერიის ინიციატივას გამოეხმაურა.
დეპუტატის განცხადებით, ქრისტიან-დემოკრატები მიესალმებიან მერიის გადაწყვეტილებას დიდთოვლობის გამო დაზარალებულთა სამკურნალოდ სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით, თუმცა გაბუნია აქვე აღნიშნავს რომ ასეთი სპონტანური გადაწყვეტილებების აუცილებლობა მიანიშნებს იმაზე, რომ ქალაქს არა აქვს ეფექტური ჯანდაცვითი და სადაზღვევო სისტემა.
"ჩვენ წინადადებით მივმართავთ ქალაქის მერიას, რომ მათ გააფართოვონ დასაფინასებელთა წრე და უკვე დაზარალებულების გარდა, სამედიცინო სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოს რისკ-ჯგუფებში მყოფი მოსახლეობა, პირველ რიგში კი უსახლკაროები, რომელთა შესახებ მონაცემთა ბაზას მერია სოციალური საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში ფლობს", - აცხადებს გაბუნია.
ამასთან, ზაზა გაბუნიამ უკმაყოფილება გამოთქვა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის არაეფექტური და არასრულყოფილი მუშაობის გამო, რადგან დეპუტატის თქმით ქალაქის ძირითადი ქუჩების დიდი ნაწილი და ტროტუარები კვლავ დაფარულია თოვლით და ყინულით, რაც მოქალაქეებში ტრავმული შემთხვევების ძირითადი მიზეზი ხდება.