აღმოსავლეთის პარტნიორობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მაგდა ანიკაშვილი ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, "ქრისტიან-დემოკრატ" რუპერტ პოლენცს და კომიტეტის სხვა წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემებს, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივასა და რუსეთთან ურთიერთობას.
„ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა წინასაარჩევნო პერიოდში ევროკავშირის მხრიდან საარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის აუცილებლობის საკითხი დააყენა. ბუნდესტაგის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას, დაინტერესებულია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებით და ამ თვალსაზრისით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები საფრანგეთის საგარეო სამინისტროსა და ნაციონალურ ასამბლეაში, ასევე გერმანიის ფედერალური კანცლერის მთავარ უწყებაში. საფრანგეთსა და გერმანიაში მაგდა ანიკაშვილი საქართველოში ამ ქვეყნების საელჩოების მიწვევით იმყოფება.