დღეს, 12 იანვარს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრები საფრანგეთის ელჩს საქართველოში, ერიკ ფურნიეს შეხვდნენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, რატი შარტავამ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო დარღვევებს შეეხო.
"საფრანგეთის ელჩს გავაცანით ჩევნი პრეტენზიები საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით და წარვუდგინეთ დარღვევის დამადასტურებელი ფაქტები. ვთხოვეთ მას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იყოს შესაბამისი რეაგირება დარღვევებზე და ობიექტურად შეფასდეს საარჩევნო პროსეცის მიმდინარეობა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რატი შარტავამ.
მისივე თქმით, შტაბის წევრებმა სასამართლო განხილვის პროცესებში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართვა მოითხოვეს. შარტავას განცხადებით საფრანგეთის ელჩმა შტაბის წევრებს განუცხადა, რომ ვიდრე არ მოხდება დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება, ევროკავშირის ქვეყნები ოფიციალურ პოზიციას არ დააფიქსირებენ.