პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნანა გულუა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯონ ბასს მიმართავს. მიმართვას გთავაზობთ უცვლელად:
"თქვენო აღმატებულებავ,
სულ რამდენიმე დღეა გასული მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტების ბარაქ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრას უამრავი ჩემი თანამემამულე, როგორც პოლიტიკოსი, ასევე უბრალო მოქალაქე, უდიდესი ინტერესითა და იმედით ადევნებდა თვალს, რადგან უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც მსოფლიოს ლიდერ ქვეყანას, არაერთხელ გაუწვდია დახმარების ხელი საქართველოსთვის მძიმე გამოწვევების დროს. თქვენთვის სრულად არის ცნობილი ის მძიმე ვითარება, რაც საქართველოში ჩამოყალიბდა დემოკრატიული ღირებულებების: დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, დამოუკიდებელი მედიის დაცვისა და განვითარების კუთხით. ყოველივე ზემოაღნიშნული მნიშვნელობას იძენს იმ თვალსაზირისით, რომ წელს მეტად მძიმე საარჩევნო წელი გველის და ხელისუფლების პოლიტიკური ნების გარეშე ქართველ ხალხს ძალზედ გაუჭირდება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რასაც მისგან მოელის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მთელი დემოკრატიული თანამეგობრობა.
პრეზიდენტ ობამას სიტყვები ნათელი მესიჯი გახდა ჩვენი ხალხისთვის, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების ფორმალური (ოფიციალური) გადაცემა, თუმცა უკვე რამდენიმე დღეში გამოჩნდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება და მისი ძალოვანი სტრუქტურები ასე იოლად ვერ შეელევიან ძალაუფლების სადავეებს და დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ დემოკრატიული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების პროცესს. კერძოდ, თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო კონკრეტულ ფაქტებს, რასაც უკვე ადგილი ჰქონდა ჩვენი პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით.
მიმდინარე წლის 4 თებერვალს, პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის" ლიდერები და მისი გუნდის წევრები ვემზადებოდით რაიონული ორგანიზაციის დასაარსებლად გარდაბნის რაიონში (ქვემო ქართლი). უნდა აღინიშნოს, რომ ამ რაიონში ურთულეს პრობლემად გვექცა საოფისე ფართის დაქირავება ადგილობრივი ძალოვანი და უშიშროების ორგანოების მხრიდან ზეწოლის გამო. დილიდან რაიონული ორგანიზაციის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებსა და მოსახლეობას გარს შემოერტყნენ უშიშროების ორგანოების მანქანები, რომლებიც უთვალთვალებდნენ მოქალაქეებს და აწარმოებდნენ ვიდეოგადაღებას. მათი მხრიდან განხორციელებული შანტაჟისა და მუქარის გამო ოფისის მეპატრონე იძულებული გახდა უარი ეთქვა ღონისძიების ჩატარებაზე, რის გამოც შეგვექმნა პრობლემა მოგვეძებნა ახალი ოფისი და დროულად დაგვეფუძნებინა ორგანიზაცია. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულ იქნა მედიასაშუალებებში ოპერატიულად. ამ შემთხვევას კიდევ დაემატა რამდენიმე, კერძოდ, ჩვენი პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსის ლაშა გვასალიას მამა, რომან გვასალია ხობის რაიონში გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან, განათლების სისტემიდან, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკურ აქტივობას და საარჩევნო აგიტაციას. ლაშა გვასალია რამდენიმე დღის წინ პარტიის აქტივისტებთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ ხობში და ადგილობრივ მხარდამჭერებთან ერთად დაარსა რაიონული ორგანიზაცია. ამ ფაქტს მოჰყვა კიდევ ერთი მძიმე დარღვევა და ძალადობა. ადგილობრივი კუდის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) თანამშრომლებმა ჩვენი პარტიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის მეპატრონეს იძულებით დაახურინეს ოფისი, რის გამოც ჩვენ ამჟამად არ გვაქვს შეკრების ადგილი ხობის რაიონში.
აი ასე ასრულებს მიხეილ სააკაშვილი და მისი ძალოვანი სტრუქტურები ჩვენი სტრატეგიული პარტიორისა და მისი ლიდერის მეგობრულ რჩევებს. ასე უპატივცემულოდ ეპყრობიან დემოკრატიულ ღირებულებებს და ორიენტირებულნი არიან ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნებაზე. ხელისუფლება თავისებური ინტერპრეტაცით, უფრო ზუსტად კი ტყუილებით ახდენს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის მიწოდებას ქართველი ხალხისათვის და ბოროტად იყენებს ამ მხარდაჭერას ჩვენი ხალხის საწინააღმდეგოდ.
მოგმართავთ თხოვით, რათა გაამკაცროთ თქვენი ძალისხმევა ამგვარ ფაქტებზე რეაგირების კუთხით და დროულად აცნობოთ შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ყველა ის დარღვევა, რაც ხელს შეუშლის საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თხოვნა არ დარჩება ყურადღბის მიღმა და შეერთებული შტატები ბოლომდე დაიცავს სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებს საქართველოს მიმართ".