"ანსამბლ "ერისიონის" და "რუსთავის" კონცერტზე ბილეთები არ გაიყიდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" "ქართული ხელოვნების საღამოების" მენეჯერმა, ეკა კუპრეიშვილმა.
"ქართული ხელოვნების საღამოების" ფარგლებში სულ ცეკვის პროგრამა იყო. სამწუხაროდ, ანსამბლ "ერისიონის" და "რუსთავის" კონცერტზე ბილეთები არ გაიყიდა, "სუხიშვილებისგან" განსხვავებით, ამიტომ გადავწყვიტეთ პროექტში განახლებული პროგრამა შეგვეტანა. ამჯერად, პირველად თბილისის "ბიგ ბენდი" გამართავს კონცერტს და ვაპირებთ ამ პროგრამას მივყვეთ, იმიტომ რომ საზოგადოებაში უფრო მეტი ინტერესი გაჩნდეს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ქართული ხელოვნების საღამოების მენეჯერმა ეკა კუპრეიშვილმა.
პროექტის მნიშვნელობას და ფუნქციას ორაზროვნად აფასებდა ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი.
"ეს სასიამოვნო და თან საშიში პროექტია. ასე ხშირად მასშტაბური კონცერტების გამართვამ, შესაძლოა, მაყურებელს ჩვენი თავი მოაბეზროს. არის ასევე მეორე საკითხი, ხალხს არა აქვს იმდენი ფინანსები, რომ ასე ხშირად იაროს კონცერტებზე", - განაცხადა ჭკუასელმა.
24 თებერვალს ანსამბლის კონცერტი გადაიდო, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში "ქართული ხელოვნების საღამოების" ფარგლებში უნდა გამართულიყო.