"დემოკრატიული მოძრაობა" აპროტესტებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლეებისთვის კანონის, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევა დისციპლინარულ გადაცდომად აღარ ჩაითვლება. ნინო ბურჯანაძის პარტია ამ ცვლილებას დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
"თუ აქამდე "მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას კანონის უხეში დარღვევა" დისციპლინარულ გადაცდომად ითვლებოდა, დღეს მას სრული კარტბლანში ეძლევა იგნორირება გაუკეთოს ქვეყნის უმთავრეს კანონს, კონსტიტუციასაც კი. მართალია ამ რეჟიმის პირობებში, მოსამართლეები კანონებს და მათ შორის კონსტიტუციასაც საკმაოდ ხშირად და "წარმატებით" არღვევდნენ, თუმცა ამის ოფიციალური დაკანონება მხოლოდ დიქტატურის საბოლოო ფორმირებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. ეს ცვლილება არის ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი ნებართვა მოსამართლეებისთვის, რომ შეასრულონ ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა და გარანტია იმისა, რომ მათ მონური მორჩილების შემთხვევაში ყველანაირი კანონდარღვევა ეპატიებათ", - აღნიშნულია დემოკრატიული მოძრაობის განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო" მოუწოდებს საქართველოში აკრდიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოახდინონ რეაგირება ამ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, "რათა ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება კიდევ უფრო გააფართოვოს პოლიტიკური ანგარიშსწორების მასშტაბები".