შს სამინისტროს სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით თბილისში, კორტებთან გამართულ აქციას ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიციის წევრები დაესწრნენ.
"მინდა თანაგრძნობა გამოვუცხადო ზურას მამას, ბატონ იურის. ზურა ვაზაგაშვილი სააკაშვილის პოლიტიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მე მგონი ზურა იყო ბოლო წვეთი, რომელმაც კარგად აჩვენა სააკაშვილის პოლიტიკის ძალადობრივი სახე. სააკაშვილის სურვილიც ეს იყო, რომ გაეფორმებინა და ეჩვენებინა ხალხისთვის რა პოლიტიკა ჰქონდა მას. დღეს მთელი საქართველო განიცდის ხელისუფლების ამ წნეხს, განიცდის ამ პოლიტიკის შედეგს. მე მინდა კიდევ ერთჯერ მივმართო სააკაშვილს, რომ ამ პოლიტიკას არ აქვს გზა", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილი ვერ მიაღწევს იმას, რომ მთელი საქართველო ციხეში ამყოფოს.
"ის ვერ მოახერხებს ძალადობის ქვეშ ამყოფოს მთელი საქართველო. ვურჩევ მას, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. უნდა დაისაჯნონ ამ მკვლელობის კონკრეტული მონაწილეები და დამკვეთები. თუ ამას ვერ გააკეთებს და ვერ შეძლებს დღეს სააკაშვილი, აუცილებლად გავაკეთებთ ამას ჩვენ. აუცილებლად აღვადგენთ სამართლიანობას", - აღნიშნა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა.