"თავისუფალი დემოკრატები" "სითი პარკისგან" ფასების დარეგულირებას მოითხოვენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, "სითი პარკმა" აუცილებელია, რომ ფასები დაარეგულიროს.
"„სითი პარკი" გამოეხმაურა ჩემს პროტესტს იმასთან დაკავშირებით,რომ ის არაფერს აკეთებს თბილისში პარკინგის პირობების გასაუმჯობესებლად და განაცხადა, რომ არ აპირებს ფასების გაზრდას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ზეწოლის შედეგად კომპანია „სითი პარკმა" აიღო ვალდებულება იმის შესახებ, რომ ტარიფები არ გაიზრდება. თუმცა მიუხედავად ამისა, ასეთ დაპირებებს ჩვენ მაინც ეჭვის თვალით ვუყურებთ, რადგან ისეთი მონოპოლისტური კომპანიები, როგორიც „სითი პარკია" მომხმარებლის უფლებებზე ნაკლებად ზრუნავენ. უფრო მნიშვნელვანია ის ფაქტი, რომ მე მოვითხოვე უფრო სისტემური მიდგომა და ზოგადად პარკინგის სისტემის გაუმჯობესება. უნდა დარეგულირდეს ფასები და უნდა მოეწყოს მინიმუმ ათი ახალი საპარკინგე ადგილი (ყველა უბანში თითო). ყოველივე ეს უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესაბასთან ერთად", - განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ „სითი პარკის" განცხადებით შემოსავლების 60 პროცენტი შედის თბილისის მერიაში.
"საინტერესოა მერიას რაიმე გეგმა აქვს ამ პრობლემის მოსაგვარებლად თუ უბრალოდ ამ ფულს იჯიბავენ?! დროა მუშაობა დავიწყოთ გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც თბილისის მაცხოვრებლების საჭიროებებს უპასუხებს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.