"დემოკრატიული მოძრაობა" საერთაშორისო ორგანიზაციებს გრანტის გაცემის დროს მედიასაშუალებების თავისუფლების ხარისხის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს
"დემოკრატიული მოძრაობა" საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს გრანტის გაცემის დროს გაითვალისწინონ მედიასაშუალებების თავისუფლების ხარისხი. ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობიდან" "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს.
""დემოკრატიული მოძრაობა" კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც შესაძლებელია ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და რეგიონალურ მედიაში არსებული მდგომარეობის შესახებ არ ფლობდნენ სრულ ინფორმაციას, გრანტის გაცემის დროს მაქსიმალურად გაითვალისწინონ ამა თუ იმ მედიასაშუალების თავისუფლების ხარისხი და ნებსით თუ უნებლიედ ნუ შეუწყობენ ხელს სააკაშვილის ხელისუფლების გეგმას, რომ საქართველოში ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ობიექტური მედიასაშუალებების გაქრობით, საბოლოოდ მოისპოს თავისუფალი სიტყვს", - აღნიშნულია "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გრანტი გამოუყო ახალციხეში მოქმედ ტელეკომპანიას, რომლის მფლობელიც "გაწეული სამსახურისათვის" ჯერ ადიგენის გამგებელი გახადა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ხოლო დღეს, ის სამხრეთ საქართველოს რეგიონის საგადასახადოს უფროსია.
"დაფინანსების გამოყოფაზე უარი ეთქვა რეალურად დამოუკიდებელ ტელეკომპანია "თრიალეთს", რომელიც 1990 წლიდან მაუწყებლობს, სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან მუდმივი ტერორის ქვეშ იმყოფება და მიუხედავად ამისა ყოველდღიურად შიდა ქართლის მოსახლეობას ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის", - აღნიშნულია "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.