მიხეილ სააკაშვილის ხელსუფლება მიზანმიმართულად ებრძვის ახლგაზრდებს, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელებმა განაცხადეს.
„ უამრავი ახალგაზრდა და არასრულწლოვანი გახდა ამ რეჟიმის მსხვერპლი. გვინგრევენ განათლების სისტემას, რადგან გაუნათლებელი ადამიანი ადვილი სამართავია. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე დაიწყო ქართული სულის წინააღმდეგ ბრძოლა და ეს ბრძოლა ბუნებრივია სწორედ დედაუნივერსიტეტიდან დაიწყო. დღეს უნივერსიტეტს, ისევე როგორც მთელ ქვეყანას მისი არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას. ავღნიშნეთ კიდეც, რომ უნივერსიტეტი ჩვენი ფასეულობების დამცველი წმინდა ტაძარია თქო და ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტის მდგომარეობის ადექვატურია საქართველოს მდგომარეობაც,"-განაცხადეს ბრიფინგზე.
„დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა თვლის, რომ ქვეყნის მომავალ ახალგაზრდობას არ აქვს უფლება დავხუჭოს თვალი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
„ჩვენ დღეს ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენი ქვეყნის პატრიოტი ახალგაზრდები, გასხვავებული ხედვების მიუხედავად, ვართ იმაზე მეტი ვიდრე სააკაშვილის რეჟიმს ჰქგონია, ვართ, ვიბრძვით და გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად.
დღეს ქვეყანა არა მხოლოდ ტერიტორიულადაა დაყოფილი. დღეს მთელი საზოგადოება დაყოფილია უკიდურესად პოლარიზებულ, დაპირისპირებულ ჯგუფებად. განსხვავებული აზრი ადვილად ინათლება მოღალატეობრივ აზრად,"- აღნიშნა ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა.
მათი თქმით, დღეს პოლიტიკური ძალების უმრავლესობას უჭირს ერთმანეთთან საუბარი და მიმართავენ ყველა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ მოძრაობას:
„დარწმუნებულნი ვართ ყველა თქვენგანს ნაფიქრი და გააზრებული აქვს ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა. მოგიწოდებთ ახალგაზრდები დავსხდეთ ერთად, დავიწყოთ დისკუსია, შევაჯეროთ აზრები, შევიმუშავოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ჩვენეული ერთიანი ხედვა და წარუდგინოთ ჩვენს უფროს თაობას."