ბიძინა ივანიშვილი "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან და "თავისუფალი საქართველოს" კახა კუკავასთან გარდა ტექნიკური საკითხებისა თანამშრომლობას გამორიცხავს.
"პარტიები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ხელესუფლებასთან თანამშრომლობაში, მათთან ურთიერთობა არ გვექნება. ასეთი ეჭვები ჩვენ არ გაგვაჩნია არც კუკავას და არც ბურჯანაძის პარტიასთან. ამ მხრივ, ჩვენთვის მისაღებია მათთან თანამშრომლობა, მაგრამ პოზიციები, მსოფლმხედველობა თუ იდეოლოგია, რომელიც გააჩნია ჩემს მომავალ პარტიას და ჩემს პარტნიორებს, განსხვავდება მათი იდეოლოგიისგან. მხედველობაში მაქვს, რომ ჩვენ ვართ პროდასავლური იდეოლოგიის და მხოლოდ არჩევნების გზით ვაპირებთ ხელისუფლების შეცვლას. ბურჯანაძის და კუკავას პარტია პროდასავლურობას არ მიესალმებიან და ამავდროულად ცდილობენ ქუჩის აქციებით შეცვალონ ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ალბათ ვერ მოვახერხებთ მათთან რაიმე სახის თანამშრომლობას, გარდა საარჩევნო სივრცის გაუმჯობესებისა და ტექნიკურ საკითხებისა", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ის და მისი გუნდი მაქსიმალურად შეეცდება მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს ნინო ბურჯანაძესთან და კახა კუკავასთან.