თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა და ქონების მართვის სააგენტომ ახალი ელექტრუნული სერვისები დანერგა. თბილისის მერიაში დანერგილი სიახლეები დღეს საზოგადოებას მერიის წარმომადგენლებმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ პირადად გააცნეს.
სიახლეები დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად საჭირო ინფორმაცია და მომსახურება მიიღოს.
უგულავას თქმით, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ინფორმაციული ნაკადის ერთიანი ავტომატური მართვის სისტემა დანერგა, რაც საქმისწარმოებას სრული ელექტრონული ფორმით წარმართვას გულისხმობს.
"ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ახალი ვებგვერდით - tas.ge-ით ისარგებლოს, შექმნას თავისი პირადი გვერდი, არქიტექტურის სამსახურში ელექტრონული განაცხადი გააკეთოს და კონკრეტულ საკითხზე სამსახურის გადაწყვეტილება ამ გვერდშივე მიიღოს", - განაცხადა უგულავამ.
მისი განმარტებით, ინფორმაციული ნაკადის ერთიანი ავტომატური მართვის სისტემა არქიტექტურის სამსახურში განაცხადების ავტომატურ რეგისტრაციას, დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენას, რეგისტრაციისთანავე განაცხადის დაუყოვნებლივ ასახვას რუკაზე (საჯაროობას), თანამშრომელზე შემოსული განაცხადების ავტომატურ გადაწერას, სამსახურის შიგნით განაცხადის მოძრაობის ავტომატიზაციას, კომისიებზე განაცხადის ონლაინგანხილვის შესაძლებლობას, ოქმის ავტომატურ მომზადებასა და საჯაროობას, განმცხადებლისათვის გასაგზავნი გადაწყვეტილების ავტომატურ გენერაციას, დოკუმენტებში ხარვეზების აღმოფხვრის მარტივ შესაძლებლობას, საქმისწარმოების ვადების სრულყოფილ კონტროლს, მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიწოდებასა და სხვა საჯარო უწყებებთან მოქნილი ურთიერთობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
ქონების მართვის სააგენტომ მომხმარებელს ახალი სერვისები შესთავაზა და უკვე არსებული მომსახურებები გაამარტივა. სიახლის დანერგვის შემდეგ, ქონების მართვის სააგენტოს ვებგვერდი: iauction.ge დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, ადვილად მოძებნონ როგორც საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხა, ასევე მონაწილეობა მიიღონ ელექტრონულ აუქციონებში. ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ ვებგვერდზე რაიონების, კვადრატულობისა და ფასის მიხედვით არის დაყოფილი, რაც მოსახერხებელს ხდის უძრავი ქონების შერჩევასა და შეძენას.
დაინტერესებული პირი რეგისტრირდება ქონების მართვის ვებგვერდზე - iauction.ge, მიუთითებს შერჩეულ ლოტს, ელექტრონულად იხდის თანხის ბეს და აუქციონში ავტომატურად ერთვება. გამარჯვების შემთხვევაში, მას სისტემა შეახსენებს, რა პერიოდისთვის რა ვალდებულებები აქვს შესასრულებელი, რომ გადაცილებული ვადების გამო ჯარიმა არ დაერიცხოს.
iauction.ge-ზე განთავსებულია რუკა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია თავად შეარჩიოს სასურველი ადგილი, მონიშნოს ინტერნეტით და სააგენტოს აუქციონზე გასატანად დაუკვეთოს.
გამარტივდა ასევე საკუთრების მოწმობის აღების წესიც. აუქციონში გამარჯვებული თანხის გადახდის შემდეგ, საჯარო რეესტრში მიუსვლელად, რეგისტრირდება რეესტრში და ელექტრონულად იღებს საკუთრების მოწმობას.